ჰიპერბგერით რაკეტა „კინჟალის“ მწარმოებელი კვლავ ყიდულობს დეტალებს ევროპაში-The Insider
რაკეტების „კინჟალისა“ („ხანჯალი“) და ისკანდერების მწარმოებელი რუსული კომპანია „მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიურო“, რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, კვლავ აგრძელებს შუამავლების საშუალებით მაკომპლექტებლების მიღებას ევროპიდან და ასევე სხვა ქვეყნებიდან.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ „როსტეხის“ ერთ-ერთი კომპანია რაკეტებისთვის ჩინეთის გავლით იღებს აშშ-ში წარმოებულ ჩიპებს. პროექტ Insider-ის მონაცემებით, სიცივისა და სითბოს კამერებს საკონსტრუქტორო ბიურო იძენს პოლონეთში, ხოლო კაბელებს, საზეინკლო ჩარხებსა და ბურღებს - გერმანიაში.
გარდა ამისა, შუამავლები „მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროსთვის პროდუქციას “ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ყიდულობენ.
ბიუროს ხელმძღვანელობს 64 წლის სერგეი პიტიკოვი. ის კომპანიაში საბჭოთა დროიდან მუშაობს. პიტიკოვის ქალიშვილი და მისი ოჯახი შვედეთში ცხოვრობენ. Insider-თან საუბარში მან დაგმო და კრიმინალური და სისხლიანი უწოდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ უარი თქვა მამაზე საუბარზე.
უფრო ადრე გამოცემა „ვიორსტკის“ გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთში შესაძლებელია თითქმის ყველაფრის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან - ორმაგი დანიშნულების ჩიპიდან დაწყებული Airbus-ისთვის განკუთვნილი ტურბორეაქტიული ძრავით დამთავრებული. დასავლური კომპანიები სქემებში მონაწილეობენ მესამე ქვეყნების მეშვეობით და რუსეთის ხელისუფლება წარმატებით უვლის გვერდს ევროპულ და ამერიკულ სანქციებს.
მხოლოდ 2023 წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსეთმა მოახერხა ქვეყანაში შეეტანა დასავლური წარმოების ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აკრძალული ჩიპები, რომლებიც, მათ შორის, გამოიყენება იარაღის წარმოებაში. სამხედრო მრეწველობისთვის რუსეთში იმპორტირებულია მილიონობით დოლარის საფასურის ჩარხებიც. სანქციებისთვის გვერდის ავლით რუსეთში შეიტანეს ასევე სამოქალაქო ავიაციის სათადარიგო ნაწილები, რომელთა ღირებულება 171 მილიონი დოლარია, იტყობინება გამოცემა „ვიორსტკა“.
ორმაგი დანიშნულების ჩიპები რუსეთში ასობით ფირმას შეაქვს. როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, „ვიორსტკის“ მიერ შედგენილი სიის მიხედვით, 25 უმსხვილესი იმპორტიორიდან 11 რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების პირდაპირი მიმწოდებელია. ჩიპების გარდა, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აქვს ჩარხების დეფიციტი. რუსეთში ასევე სანქციების გვერდის ავლით შეაქვთ იტალიური და გერმანული წარმოების ჩარხები.