ერთ დაღესტნელსა და ხუთ ტაჯიკს მოსკოვში ტერაქტისთვის მომზადების ბრალდებით ასამართლებენ
მოსკოვში, დასავლეთის ოლქის სამხედრო სასამართლოში, დაიწყო პროცესი, რომელზეც ერთ დაღესტნელსა და ხუთ ტაჯიკს მოსკოვში ტერორისტული ჯგუფის ორგანიზებისა და ტერაქტისთვის მომზადების ბრალდებით ასამართლებენ.
რუსეთის "ეფესბეში" აცხადებენ, რომ ბრალდებულები 2022 წელს გეგმავდნენ ლუბიანკაზე უშიშროების სამსახურის მთავარი შენობის აფეთქებას.
საიდუმლო სამსახურის ცნობით, 2022 წლის მარტიდან აპრილამდე, საქმეში ბრალდებულებმა რუსეთში აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პატრონაჟით შექმნეს სავარაუდო "ტერორისტული ორგანიზაცია“.
გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მამაკაცებმა "ერთმანეთს შეჰფიცეს, ხოლო მთავარი მოთხოვნა, რომლის წამოყენებასაც ლუბიანკაში მდებარე შენობაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შემდეგ გეგმავდნენ, სირიიდან რუსული ჯარების გაყვანა იყო. ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად, გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები "გლიცერინისა და საყელურების შეძენას აპირებდნენ."
საქმის ხუთი ფიგურანტი ტაჯიკეთის მკვიდრია: მანუჩერ და რაჯაბალ ბურიევები, აბდუმალიკ სამიევი, სამანდარ ტოშმუროდოვი და აბდუკოდირ ტოიროვი. საქმეში მონაწილე მეექვსე პირი, ჰაჯიმურად ჰასანალიევი, დაღესტანში დაიბადა. ყველა ბრალდებული 19-დან 25 წლამდე ასაკის მამაკაცია. დაკავებამდე ისინი მოსკოვში, სამშენებლო ობიექტებზე, მუშებად და კურიერებად მუშაობდნენ.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. უწყების ინფორმაციით, წინასწარი გამოძიების ეტაპზე, ხუთმა ბრალდებულმა დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარა, ერთი კი დანაშაულს არ აღიარებს.
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ეს საქმე პოლიტიზებულია და თავად დანაშაული პროვოცირებული იყო რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ.
სავარაუდო დანაშაულში მონაწილე მეშვიდე პირმა, გავრცელებული ინფორმაციით, სრულად აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან წინასასამართლო თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. მისი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და მასალები სპეციალური თანმიმდევრობით იქნება შესწავლილი.