დაპატიმრებულმა უკრაინელმა ოლიგარქმა კოლომოისკიმ დათმო მედიაჰოლდინგის კონტროლი
უკრაინელმა მილიარდერმა იჰორ კოლომოისკიმ - რომელიც გაყალბების და ფულის გათეთრების ბრალდებებით გასულ თვეში დააკავეს კიევში - თავისი მედიაკომპანიის, "1+1-ის", კორპორაციული უფლებები კომპანიის თანამშრომლებს გადაუფორმა.
"1+1-ის" ვებსაიტზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში კოლომოისკი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო "სიტყვის თავისუფლების, მიუკერძოებლობის პრინციპებისა და მოვლენათა ობიექტური გაშუქების დაცვის და შენარჩუნების მიზნით". განცხადების თანახმად, ცვლილება ხუთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში, თუმცა კოლომოისკი შეინარჩუნებს ჯგუფის მფლობელის სტატუსს.
60 წლის კოლომოისკი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი მხარდამჭერი და უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი პირია. მის სატელევიზიო სადგურს მიაწერდნენ პოლიტიკაში გამოუცდელი ზელენსკის დახმარებას 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა მან დიდი უპირატესობით მოუგო მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს.
კოლომოისკი 2 სექტემბერს დააკავეს თაღლითობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის ბრალდებით. დაკავებიდან რამდენიმე დღეში მას წაუყენეს მეორე ბრალდება: „პრივატბანკიდან“ 9,2 მილიარდი გრივნის ოდენობის თანხის „ხელში ჩაგდება“. 15 სექტემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა მას მესამე ბრალდება გაფლანგვისთვის წაუყენა.