პრეზიდენტი ხვალ ღონისძიებას მართავს და ხელმოწერების კამპანიას იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 8 ნოემბერს, როცა უკვე ცნობილი იქნება ევროკომისიის დასკვნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ღონისძიებას მართავს. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ხვალიდან დაიწყება ხელმოწერების კამპანიაც.
"ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაპირებდით ხვალ, 8-ში, 8 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს... რადგან რუსეთმა კიდევ სცადა შეგვიცვალოს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ მართლაც დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, შევცვალეთ ამ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. ხვალ ჩვენ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში. ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, რუსეთმა გუშინ საოკუპაციო ძალებით საქართველოს მოქალაქის მოკვლით კიდევ ერთხელ სცადა ქვეყნის გეგმების შეცვლა.
"ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ, რუსეთი ვერასოდეს აწი ვეღარ შეგვიცვლის ჩვენს დღის წესრიგს... ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის - ევროპულ ოჯახში ყოფნის და მშვიდობიანი ყოფნის მომავალი", - აღნიშნა მან.
გუშინ, 6 ნოემბერს, სუს-ის ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.
სავარაუდოდ, ხვალ, 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.