რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი კიდევ ერთი მოსამართლე
რუსეთის შსს-ს მიერ ძებნილთა ბაზაში გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომლის თანახმად, „სერხიო ხერარდო უგალდე გოდინესი იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“. კონკრეტულად რომელი მუხლით, მითითებული არ არის.
კოსტა-რიკელმა მოსამართლემ სერხიო ხერარდო უგალდე გოდინესმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კიდევ ორ მოსამართლესთან, იტალიელ როსარიო სალვატორე აიტალასა და იაპონელ ტომოკო აკანესთან ერთად 2023 წლის მარტში გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები. მოსამართლეები აიტალა და აკანე რუსეთის შსს-მ ძებნილთა ბაზაში 2023 წლის ზაფხულში შეიყვანა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები მას შემდეგ გასცა, რაც მიიჩნია, რომ ისინი, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
2023 წლის მარტში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი მოსამართლეების წინააღმდეგ.
სექტემბერში რუსეთმა ძებნილებად გამოაცხადა სასამართლოს პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი.