2020 წლიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე შსს დატოვა 7 322-მა თანამშრომელმა
საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვილ ინფორმაციაზე, ერთი თვის შემდეგ გვიპასუხეს, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული 7 332 ადამიანის პარალელურად, ამავე პერიოდში შსს-ში მუშაობა დაიწყო 9 437-მა ადამიანმა.
"გასათვალისწინებელია, რომ სამინისტროს მასშტაბიდან გამომდინარე, თანამშრომელთა
როტაცია, გადინება და ახალი კადრების მოძიება/დასაქმება მუდმივი და ბუნებრივი
პროცესია" - წერია წერილში, რომელშიც დაკონკრეტებული არ არის, რომელი სამსახურიდან რამდენმა ადამიანმა დატოვა სამსახური და არც დროის მიხედვით არის მონაცემები ჩაშლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადახვა დანაყოფში ჯამში 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში სისტემატიურად საუბრობენ ამ უწყებიდან კადრების მაღალი გადინების პრობლემის შესახებ - ყოფილი სამართალდამცველების ნაწილი ემიგრაციაში მიდის. 2022 წლის აგვისტოში, შსს-ს პრესსამსახური ამტკიცებდა, რომ ყოფილი თანამშრომლები სისტემის პრობლემებზე სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოტივით საუბრობდნენ. 2023 წლის თებერვალში კი მინისტრმა გომელაურმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ არ არის სიმართლე "ის, რომ რაღაც ტოვებენ და გარბიან ჩვენი პოლიციელები."