ევროკომისია აპირებს თქვას, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - 9 დათქმით
ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ევროკომისრები ამ დროისთვის შეთანხმებული არიან, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
ცხრა ნაბიჯიდან ზოგიერთი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლაზე.
ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. 2023 წლის მაისში ჟოზეპ ბორელის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მაჩვენებელი 31%-მდე იყო შემცირებული. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს:
პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება - და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
სასამართლო რეფორმა - მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა;
კორუფციასთან ბრძოლა;
დეოლიგარქიზაცია;
ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ოფიციალური გადაწყვეტილება ევროკომისიამ 8 ნოემბერს, საქართველოს დროით 15:00 საათისთვის უნდა გამოაცხადოს.
სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.
რადიო თავისუფლების წყაროების ცნობითვე, ევროკომისია გეგმავს, მწვანე შუქი აუნთოს უკრაინასა და მოლდოვას, გახსნან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, - რაც კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.
ამ პროცესში მოლდოვას, სავარაუდოდ, სამ პირობას წაუყენებენ, ხოლო უკრაინას - ოთხს.
2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.