გოგა რაზმაძე: ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდა
შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე, რომელმაც გუშინ საკუთარ ფეისბუკზე დაწერა, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, მის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ერთი ადამიანის - გოგა რაზმაძის წინააღმდეგ გაერთიანდა.
„სისტემაში 2018 წელს არსებითი ხასიათის ცვლილება განხორციელდა და შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, დისკრიმინაციული შემთხვევების მონიტორინგი წარმოადგენდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2023 წელს, სამსახურში, სადაც კონკურსის გზით მოვედი, თავად გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი. თუმცა, სამწუხაროდ მე სისტემის პირველი მსხვერპლი არ გახლავართ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დაიწყო ჩემი პრობლემები, რადგან მე თითოეულ ამ შემთხვევას ვაპროტესტებდი კონკრეტულ თანამშრომლებთან ერთად. სახალხო დამცველს მივმართე 26 ივნისს, რომელმაც სამწუხაროდ ჩემი უფლებები ვერ დაიცვა“, - ამბობს გოგა რაზმაძე.
რაზმაძის ცნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და მის შევიწროებაზე საჯაროდ საუბარი მინისტრის მოადგილისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას და სამინისტროს რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად.
12 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას გოგა რაზმაძემ თქვა, რომ მისი ვარაუდით, ყველაფერი იყო წინასწარ შეთანხმებული. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწორედ ამის გამო არ დაიწყო მის საქმეზე გამოძიება - ეს, გოგა რაზმაძის თქმით, გენერალურ ინსპექციას ხელს შეუშლიდა „მის მიმართ კონკრეტული რეპრესიების განხორციელებაში“.
„ამას ველოდი, თუმცა ეს გააკეთეს ძალიან უხეში ფორმით. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი სამაგალითოდ დასჯა უმოკლეს ვადაში. თავიდან ამას სახალხო დამცველის სამართალდაწარმოებამ შეუშალა ხელი, თუმცა, როგორც კი ეს პროცესი დასრულდა, სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს დასკვნა საბჭოთა ბიუროკრატიასაც კი შეშურდებოდა“, - ამბობს გოგა რაზმაძე.
როგორც გოგა რაზმაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ის ეცდება დასკვნის აბსურდულობა და საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს სამართლებრივი გზით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ის მოელის, რომ მას შემდეგ, რაც შსს-ს თანამშრომელი აღარ არის, მის დისკრედიტაციას მეტად შეეცდებიან, თუმცა ამბობს, რომ ის ამ პროცესში შეგნებულად ჩაერთო და ბრძოლას აგრძელებს.
გოგა რაზმაძე ამბობს, რომ ის გენიინსპექციის დასკვნას აუცილებლად გაასაჩივრებს, რაც შეეხება სამსახურში აღდგენის მოთხოვნას, ამბობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია:
„ჩემი თვითმიზანი სკამი და თანამდებობა არასოდეს ყოფილა“.
მისი თქმით, ეს სისტემისთვის ასეთი პირველი პრეცედენტი იყო, რომელიც მალე უნდა დაესრულებინათ, რომ ჯაჭვური რეაქცია არ მოჰყოლოდა.
გოგა რაზმაძის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის გასულ ზაფხულში გახდა ცნობილი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა სოციალურ მედიაში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ხმამაღლა ილაპარაკა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე. რაზმაძემ უწყება აზრის გამოხატვის შეზღუდვაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში, სამსახურიდან დაითხოვდნენ.