სუს-ის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე, აცხადებდა, რომ არსებობდა მათი მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, რისთვისაც მათ პატიმრობას მოითხოვდა.
საქმის პროკურორის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანის და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნის, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით.
მათი განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები 11 ნოემბერს დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344 პირველი პრიმა (მიგრანტების უკანონო გადაყვანა) და 236-ე მუხლებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონე შეძენა-შენახვა) დაიწყო.
თუმცა როგორც დაკავებულების ადვოკატი ანა შიშნიაშვილი აცხადებს, დარჩა მხოლოდ 236-ე მუხლი, რადგან გამოძიებამ დამატებით მტკიცებულებეი ვერ მოიპოვა.
საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.