ნათელაშვილი ოთხოზორიას მკვლელობას ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს და პირადად ივანიშვილს ადანაშაულებს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ხურჩაში 31 წლის გიგა ოთხოზორუას მკვლელობის ფაქტს "ხელისუფლების დღეს არსებულ ლოიალურ პოლიტიკას" უკავშირებს, რაც, ნათელაშვილის მტკიცებით, "ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაკანონებული".
ამის შესახებ ლეიბორისტების ლიდერმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ხელისუფლება ერთ-ერთი ავტორი და ორგანიზატორია იმ პოლიტიკისა, რაც გაფორმებულია სიტყვიერად კრემლთან და იმ კურსისა, რომლის თანახმადაც, საქართველო გადაიქცა შეზღუდული პასუხისმგებლობის ბიძინა ივანიშვილის დაწესებულებად, რომლის მიზანია, შეავსოს ამ ბანდიტი ოლიგარქის პირადი ანგარიშები, მისი სიმდიდრე გაფორმდეს ოფშორულ ზონებში. ამ საქმისთვის ის რუსეთს ექცევა ლოიალურად. დღეს მიდის საქართველოს გადაღობვის პროცესი და არავინ უნდა ჩავიდეს მთავრობიდან და არავინ უნდა გააპროტესტოს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტების ლიდერი გაერო-ში საქართველოს ელჩის კახა იმნაძის უმოქმედობაზე საუბრობს.
„კახა იმნაძე ელჩი ყოფილა გაეროში და არავინ იცის მისი ოჯახის გარდა, ნაცვლად იმისა, რომ ეს კაცი კონფერენციებს აწყობდეს გერო-ს შტაბ-ბინაში და მთელს მსოფლიოში აგებინებდეს, რა ხდება აქ,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.