უკრაინის გენშტაბი: განადგურებულია რუსული სადესანტო გემი “სარატოვი”
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, აზოვის ზღვაში, ქალაქ ბერდიანსკის პორტში გაანადგურეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი „სარატოვი“. გენერალურ შტაბში გვიან ღამით განაცხადეს, რომ დაზიანებულია კიდევ ორი რუსული სადესანტო ხომალდი – „ცეზარ კუნიკოვი“ და „ნოვოჩერკასკი“.
მანამდე, 24 მარტს დილით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა განაცხადა, რომ რუსების მიერ ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში განადგურებულია დიდი სადესანტო გემი „ორსკი“.
CNN-ის და BBC-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროების სადაზვერვო მონაცემები ადასტურებენ უკრაინის სამხედრო ძალების შეტევას ბერდიანსკის პორტში მყოფ რუსულ გემებზე.
ერთი სერიის სადესანტო გემებს, „სარატოვს“ და „ორსკს“ 20 ტანკის, ან 40 ჯავშანმანქანის და 350-მდე მედესანტის გადაყვანა შეეძლო.
21 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხი „ზვეზდა“ იუწყებოდა, რომ „ორსკმა“ ბერდიანსკის პორტში ჩაიტანა ჯავშანმანქანები, რომლებიც რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილებზე განაწილდებოდა. ამავე ტელეარხის ცნობით, „ორსკი“ იყო რუსეთის პირველი საბრძოლო გემი, რომელიც ბერდიანსკში შევიდა.