მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა შეიცვალოს – არამოსამართლე წევრები საბჭოში უმრავლესობაში უნდა იყვნენ
სასამართლო სისტემაში გარდამტეხი ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა შეიცვალოს – არამოსამართლე წევრები საბჭოში უმრავლესობაში უნდა იყვნენ,- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელმა ჯაზი ჯანეზაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ კოსმეტიკურმა ცვლილებებმა, რაც ამ დრომდე განხორციელდა “კლანს” კიდევ უფრო მეტი ბერკეტი მისცა.
„ჩემთვის საინტერესოა ოპოზიციის ხედვები, მიუხედევად იმისა, რომ ხელისუფლებას აქვს ძალაუფლება და საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი იღებენ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა არის ალტერნატიული ვერსია, რა არის უკეთესი ან განსხვავებული, რომელია უფრო შეთანხმებული საზოგადოებაში. ვფიქრობ, კონსენსუსი ასეთ თემებზე არის მნიშვნელოვანი, რადგან ევროკავშირი ელოდება ჩვენი ქვეყნის ხედვებს და არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ან რომელიმე კონკრეტული პარტიის ან ჯგუფის ამა თუ იმ პრობლემასთან და მისი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, ამიტომ არის, რომ იმ გეგმაში ჩაიწერა ინკლუზიურობის აუცილებლობა. მართლმსაჯულებაში ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა. დღეს უმრავლესობაში არიან მოსამართლეები და თუ ჩვენ გვინდა მართლაც სერიოზული იყოს ცვლილებები, არამოსამართლე წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა იყვნენ უმრავლესობაში და საზოგადოების მონაწილეობის გაზრდით, ვფიქრობ, სიტუაცია არსებითად შეიცვლება. წინა შეხვედრაზე ეს წინადადება დავაყენე. პრინციპების დონეზე აზრთა სხვადასხვაობა არ არის (ოპოზიციასთან). უშუალოდ 12 პუნქტიან გეგმაში წერია, რომ საბჭოს რეფორმა უნდა განხორციელდეს, რეფორმა ვერ იქნება კანონმდებლობის კოსმეტიკური ცვლილება. ამან სიტუაცია არსებითად ვერ გააუმჯობესა, პირიქით – უფრო შენიღბა და გააჩინა შესაძლებლობები, რომ „კლანმა“ მიიღოს გადაწყვეტილებები, ამიტომ თუ რეალური რეფორმა გვინდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა და მასში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა,”- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორთან მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, პარლამენტში შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას მართავს.