რომის პაპი: როდესაც ვსაუბრობ უკრაინაზე, ვსაუბრობ წამებულ ხალხზე, თუ არის წამებული ხალხი, მაშინ არის ის, ვინც აწამებს მას… ეს რუსეთის სახელმწიფოა
რომის პაპმა ფრანცისკემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში უკრაინელებს რუსული აგრესიის გამო წამებული ხალხი უწოდა.
„როდესაც ვსაუბრობ უკრაინაზე, მე ვსაუბრობ წამებულ ხალხზე. თუ არის წამებული ხალხი, მაშინ არის ის, ვინც აწამებს მას. როდესაც მე ვსაუბრობ უკრაინაზე, მე ვსაუბრობ სისასტიკეზე, რადგან ბევრი ინფორმაცია მაქვს შემოსული ჯარების სისასტიკეზე.
ზოგადად, ყველაზე სასტიკნი არიან, ალბათ, ის, ვინც რუსეთიდანაა, მაგრამ არ მიეკუთვნება რუსულ ტრადიციას, მაგალითად, ჩეჩნები, ბურიატები და ა.შ. რა თქმა უნდა, ის, ვინც თავს ესხმის რუსეთის სახელმწიფოა. ეს სავსებით გასაგებია. ხანდახან ვცდილობ, არ ვიყო კონკრეტული, არამედ ზოგადად დავგმო, თუმცა ცნობილია, ვის ვგმობ. არ არის აუცილებელი სახელის და გვარის მითითება“, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა თქვა, რომ ომის მეორე დღეს რუსეთის საელჩოში წავიდა. ეს უჩვეულო ჟესტია, რადგან პაპი არასოდეს მიდის საელჩოში.
„და იქ მე ვუთხარი ელჩს, ეთქვა (ვლადიმერ) პუტინისთვის, რომ მზად ვიყავი წასასვლელად, იმ პირობით, რომ ის მომცემს ფანჯარას მოლაპარაკებებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა, (სერგეი) ლავროვმა გამომიგზავნა ოფიციალური პასუხი, თავაზიანი წერილი, საიდანაც მივხვდი, რომ ამის საჭიროება არ არის.
რატომ არ ვასახელებ პუტინს? იმიტომ, რომ ეს არ არის აუცილებელი; ეს უკვე ცნობილია. თუმცა, ზოგჯერ ადამიანები ეკიდება დეტალებს. ყველამ იცის ჩემი პოზიცია, პუტინთან ერთად თუ მის გარეშე, მისი დასახელების გარეშე“, – აღნიშნა რომის პაპმა.