ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ოლიგარქიასთან ბრძოლის თემაზე შეხვედრა გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაში ოლიგარქებთან და კორუფციულ გავლენასთან ბრძოლასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი და ანტიკორუფციული უწყებების წარმომადგენლებთან, უმაღლეს რადასთან, უკრაინის მინისტრთა კაბინეტთან და გენერალურ პროკურორთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ, შეხვედრის კადრებთან ერთად, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად სახელმწიფოში ოლიგარქიული და კორუფციული გავლენების საბოლოოდ განადგურების მიზნით მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ საბოლოოდ უნდა აღმოვფხვრათ ყოველგვარი ოლიგარქიულ-კორუფციული გავლენა უკრაინის სამთავრობო ორგანოებზე და უზრუნველვყოთ დემოკრატიის გრძელვადიანი მდგრადობა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში NSDC-ის მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ დაახლოებით 86 უკრაინელი დეოლიგარქიზაციას დაექვემდებარება. ამავდროულად, მინისტრთა კაბინეტმა 2021 წელს ოლიგარქებთან ბრძოლის ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა. ამასთან, ზელენსკიმ 2021 წლის 5 ნოემბერს ოლიგარქების შესახებ კანონს მოაწერა ხელი.