სერბიაში განახლდა ანტისამათავრობო აქციები
დემონსტრაციებმა სერბიაში იფეთქა გასულ თვეში, როდესაც ხულიგნებმა სასტიკად სცემეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბორკო სტეფანოვიჩი. ამ თავდასხმამ ბევრ ადამიანს გაახსენა 1990-იანი წლები, როდესაც სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის დროს ხშირად ხდებოდა თავდასხმები რეჟიმის ოპონენტებზე. ხელისუფლება უარყოფს ოპოზიციონერის ცემასთან კავშირს.
გასულ კვირაში დაახლოებით 15 ათასი კაცი გამოვიდა ბელგრადის ქუჩებში, რომლებიც სკანდირებდნენ „ვუჩიჩი ქურდია“. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ბანერები წარწერით: „შეწყდეს ღალატი, დავიცვათ და დავუბრუნოთ ხალხს კონსტიტუცია“.
ყოფილი ნაციონალისტი ვუჩიჩი სათავეში უდგას სერბიას, რომელიც ევროკავშირის წევრობას ესწრაფვის. ვუჩიჩი ასევე ცდილობს შეინარჩუნოს ტრადიციული ურთიერთობები რუსეთთან და განვითაროს კავშირი ჩინეთთან.