ზაზა სარალიძე: გენერალურ პროკურორს არ აწვდიან ზუსტ ინფორმაციას
ზაზა სარალიძის თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ გენერალური პროკურორი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას მასთან დაკავშირებული საქმეების გარშემო:
„ვესაუბრე ყველა საქმეზე. ჩემი შვილის საქმეზე, ჩემს წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქმის პროკურორები შალვა თადუმაძეს არ აწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას მიმდინარე საქმეებზე. ეს ის პროკურორები არიან, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ჩართულნი საქმის გაყალბებაში. სამშაბათს ისევ შევხვდები შალვა თადუმაძეს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ის პროკურორებიც, რომლებიც ჩემს საქმეებს წარმართავენ“.
ზაზა სარალიძის თქმით, მას შალვა თადუმაძესთან კითხვები აქვს მისი შვილის მკვლელობის, ასევე მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნისა და კარვების საქმის თაობაზე.
ზაზა სარალიძე შალვა თადუმაძესთან შესახვედრად გენერალურ პროკურატურაში 12 საათზე მივიდა. თუმცა, ის გენერალურმა პროკურორმა არ მიიღო, რასაც პროკურატურის ეზოში ინციდენტი მოჰყვა.
პროკურატურის შენობა მას ძალით დაატოვებინეს, რის შემდეგაც გავრცელდა ოფიციალური განცხადება, რომ პროკურატურა ზაზა სარალიძისა და პროკურორების შეხვედრის ორგანიზებას მომავალი კვირისთვის, კერძოდ 12 თებერვლისთვის გაუწევდა.
ეს პირობა ზაზა სარალიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მან შენობის მიმდებარე ტერიტორია არ დატოვა.