სიკვდილი ლიფტის შახტში - მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა
გაერთიანებული პროფკავშირის ცნობით, ბოლო შვიდ თვეში ეს მშენებლობაზე ადამიანის გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.
პროფკავშირის ტექნიკური ინსპექტორის, ნიკა კაკაშვილის ვარაუდით, შახტის ტერიტორია, დიდი ალბათობით, შემოფარგლული არ იყო.
მისი სიტყვებით, ასეთ საბედისწერო შემთხვევებს სწორედ კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობა იწვევს.
ნიკა კაკაშვილი რადიო თავისუფლებასთნ საუბარში შენიშნავს, რომ თუ ადრე მშენებლობაზე თვეში 2 ადამიანი მაინც იღუპებოდა, სწორედ შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, დღეს ეს სტატისტიკა შედარებით შემცირებულია - ფატალური შემთხვევების კლებას შრომის ინსპექტორი კანონის გამკაცრებას უკავშირებს.
კანონში ცვლილების არსი კი ის არის, რომ მუნიციპალურ ინსპექციას ობიექტის შემოწმება გაუფრთხილებლად შეუძლია. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, კომპანია 3000 ლარის ნაცვლად, 30 000 ლარით ჯარიმდება.
თუმცა, ნიკა კაკაშვილი შენიშნავს იმასაც, რომ ეს საკანონდებლო ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობებზე ვრცელდება.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, როგორც წესი,რა ხდება, მაგალითდმ შახტში ჩავარდნის მიზეზი, მან გვიაპასუხა, რომ ხშირსდ ამის მიზეზი იმ კონკრეტული მონაკვეთის დაუცველობის გარდა, მუშების გადაღლილობაც არის ხოლმე.
EMC-ს სოციალური პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი კი გვეუბნება, რომ მაგალითად ბათუმში, სადაც თბილისის მსგავსად ინტენსიურად მიმდინარეობს არაერთი მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა და პრაქტიკაში გვხდება არაერთი მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევა, ჯარიმა მხოლოდ 500 ლარია.
სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მუშის დაღუპვას სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრავაც გამოეხმაურა:
„ფეხებზე მკიდია კომფორტული ზონის მაძიებელი საზოგადოება თუ შეწუხდება მძიმე ამბების მოსმენით ან წაკითხვით. სახეზე უნდა ავაკრათ ერთმანეთს და ხელისუფლებას ეს ყოველდღიური ტრაგედიები, რაც შრომის უსაფრთხოების დაუცველობის გამო ხდება“, - წერს ირაკლი კუპრაძე ფეისბუკის პირად გვერდზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შარტავას ქუცაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიდის, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.