სირიაში სომეხი გამნაღმველი დაიჭრა
სომხეთის ჰუმანიტარული განაღმვისა და ექსპერტიზის ცენტრის (CHDE) თანახმად გამნაღმველი თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა 7 მარტს ალეპოსთან ახლოს.
„ჩვენი ინფორმაციის თანახმად მას ჩაუტარდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია“, - უთხრა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ცენტრის წარმომადგენელმა ნაზელი ელბაქიანმა.
დაჭრილი სამხედრო იმ 83 ექიმს, გამნაღმველსა და სხვა სამხედრო მოსამსახურეს შორისაა, რომლებიც სირიაში ჩავიდნენ 8 თებერვალს, რუსეთთან კოორდინირებული სომხეთის ჰუმანიტარული მისიის შემადგენლობაში.
აშშ-მა, რომელიც მკაცრად უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ჩარევას სირიის სამოქალაქო ომში ბაშარ ალ ასადის მხარეზე, 13 თებერვალს გააკრიტიკა სომხეთის სამხედრო ჯგუფის ჩასვლა სირიაში.