ზვიად გამსახურდიას საიუბილეო მარკა მალე გამოიცემა
ახალი საფოსტო მარკის პრეზენტაცია 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე გაიმართება.
როგორც "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სამუშაო მეტად საპასუხისმგებლო იყო, რადგან ზვიად გამსახურდიას სახელობის მარკა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებასთან ასოცირდება.
მარკაზე წითელი, შავი და თეთრი ფერები დომინირებს, რაც საქართველოს იმდროინდელი დროშისა და გერბის ფერებია. მარკაზე დატანილი პორტრეტი იგივეა, რაც თავად ზვიად გამსახურდიას მიერ 1990 წელს გამოცემულ წიგნის ყდაზეა გამოსახული.
„შევეცადეთ, რომ მარკა ზედმეტი შტრიხებით არ გადაგვეტვირთა, იმდენად დიდია თვითონ ფერისა და პორტრეტის დატვირთვა“, - ამბობს ლევან ჩიკვაიძე. ის ვარაუდობს, რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის მარკას ხალხი საკოლექციოდაც შეიძენს.
მარკა მიმოქცევაში უახლოეს დღეებში შევა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ. მარკის დიზაინი გოგა ქართველიშვილს ეკუთვნის. ახალი საიუბილეო მარკა უკვე დაამტკიცა მარკების ეროვნულმა კომისიამ.
ზვიად გამსახურდია, ცნობილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ქართული დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის აპრილში აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში ქვეყნიდან განდევნეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად.
ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში. ამ საქმეზე გამოძიება რამდენჯერმე განახლდა.