ფსიქიატრიული ცენტრის პაციენტის დაღუპვის მიზეზად ოჯახი ცემას ასახელებს
პირველადი დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 60 წლის ქეთევან ბიგვავას, რომელიც 29 მარტს გარდაიცვალა, საკმაოდ მძიმე ხასიათის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. ის ხონიდან ქუთაისის საავადმყოფოში 17 მარტს გადაიყვანეს. ოჯახის წევრები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ქეთევან ბიგვავამ დაზიანებები ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიღო, სასტიკი ცემის შედეგად.
ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს ინფორმაციით, შეყვანისას პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო. თუმცა ექიმები ვერ აკონკრეტებენ, თუ რა სახის ზემოქმედების შედეგად შეიძლებოდა მიეღო მას დაზიანებები სახესა და სხეულზე.