ტრამპის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს, აამოქმედოს ჰელმს-ბერტონის კანონი
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ოთხშაბათს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ახსნის საჯარო გამოსვლაში მაიამიში - ამერიკაში კუბელი იმიგრანტების უდიდეს ცენტრში, ასევე გამოაცხადებს ვენესუელის, კუბისა და ნიკარაგუის მიმართ ახალი სანქციების შესახებ.
1996 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო ჰელმს-ბერტონის კანონი, რომელიც სარჩელის შეტანის საშუალებას იძლევა კუბაში მოქმედი უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ექსპროპრიირებული ქონებით სარგებლობენ. მაგრამ ტრამპის ყველა წინამორბედი აჩერებდა კანონის მოქმედებას ეროვნული ინტერესების გამო. ისინი შიშობდნენ, რომ უცხოური კომპანიების სამართლებრივი დევნა საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს ამერიკული კომპანიების მიმართ და ქაოსს წარმოშობს მოკავშირე ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებში.