ბახტაძე: სასიამოვნოა ვაშინგტონში დაბრუნება, განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად
მამუკა ბახტაძემ მაიკ პომპეოს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბატონო მდივანო, მადლობას გიხდით თბილი მიღებისთვის და საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებისთვის. სასიამოვნოა ვაშინგტონში დაბრუნება, განსაკუთრებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად.
2008 წელს რუსეთი შეიჭრა და მოახდინა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამ კრიზისის შემდეგ საქართველომ და აშშ-მა შექმნეს პლატფორმა საქართველოს აღსადგენად, ინსტიტუტების გაძლიერებით, დემოკრატიის განვითარებით, კანონის უზენაესობის განმტკიცებით, სამხედრო თანამშრომლობისა და ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტების გაფართოებით.
საქართველოს ბევრი მიღწევა არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წარმატების პირდაპირი შედეგი, რომლის დაწყებიდანაც ათი წლისთავს აღვნიშნავთ. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ აშშ-სთან განვავითარეთ დინამიკური, ყოვლისმომცველი თანამშრომლობა და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ჩვენმა კავშირებმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის არ დაიშუროს ძალისხმევა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
მისივე თქმით, საქართველო მადლობელია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერით.