აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს აღადგინოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან
როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „მიესალმება რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოუწოდებს რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან“.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. ამასთან ერთად, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის - სანქციების დაწესებას.
"ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია" - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.