რუსეთი თურქეთს მესამე დღეა აწვდის S-400 საჰაერო სისტემის ნაწილებს
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ივლისს ტვიტერით დაწერა, რომ საჰაერო ბაზაზე დაეშვა რუსეთის მეხუთე და მეექვსე სატვირთო თვითმფრინავები და უახლოეს საათებში იქ კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავა.
საჰაერო სისტემის ნაწილების მიღება თურქეთმა 12 ივლისს დაიწყო, აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების მუქარის მიუხედავად. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ამ საჰაერო სისტემას მიიჩნევენ შეუთავსებლად ნატოს სისტემებთან და საფრთხედ F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის. ვაშინგტონი თურქეთს მოუწოდებდა S-400-ის ნაცვლად შეესყიდა აშშ-ის წარმოების, "პეტრიოტის" ტიპის სისტემა.
აშშ-მა თურქეთს 31 ივლისი დაუწესა ბოლო ვადად გადაწყვეტილების გაუქმებისთვის და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების წარმოების პროცესში კონტრაქტების დაკარგვა ემუქრება. თუმცა ვაშინგტონმა უკვე დაიწყო თურქეთის ჩამოშორება F-35-ის პროგრამიდან და შეაჩერა ამ ტიპის თვითმფრინავებზე თურქი პილოტების წვრთნა.