ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი "რუსთავი2"-ის წილებისთვის ბრძოლას იწყებს
“მე რა თქმა უნდა, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრე გავაგრძელებ მის დაწყებულ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეროსის ღვაწლი, ნიჭი, შრომა არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის საქმეში, არამედ მთლიანად საქართველოს, თავისუფალი მედიის განვითარებისთვის დახარჯული მისი ეს ენერგია, როგორც მინიმუმ ამით მაინც უნდა დაუბრუნდეს.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგად ესმის ქიბარ ხალვაშსაც, ეს კარგად ესმის დღევანდელ ხელისუფლებასაც. მე ყველანაირი უფლება მაქვს, როგორც გავიარე კონსულტაცია ჩემს იურისტებთან მოვითხოვო ეროსის წილი, როგორც მის სამართალმემკვიდრემ და მე ამას გავაკეთებ და დაველოდები უკვე ალბათ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავად ბატონი ქიბარი რას ფიქრობს ამის შესახებ.
"რუსთავი 2"-ის 100% დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს. მე პირველ რიგში, ვულოცავ მას ამ გადაწყვეტილებას, ალბათ ძალიან გამორჩეული ადამიანი უნდა იყო, რომ შენს სასარგებლოდ, ესე არაფრით, დაუმსახურებლად მიიღო ესეთი საჩუქარი. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი შემთხვევით მოხვდა ამ ტელევიზიაში და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ეს მე პირადად, რაღაც აბსურდის თეატრს მაგონებს“, - განაცხადა ია კიწმარიშვილმა.
ეროსი კიწმარიშვილის დღეს, 5 აგვისტოს დაბადებიდან 55 წელი შეუსრულდებოდა. ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის 15 ივლისს ავტოფარეხში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.ოჯახის წევრები მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგაც არ ეთანხმებიან თვითმკვლელობის ვერსიას,-მათი შეფასებით, ეროსი კიწმარიშვილი მოკლულია, მკვლელობა კი „რუსთავი“-ის საქმეს უკავშირდება.