გამოკვლევა: რუსეთის მოქალაქეებს საბჭოთა ხელისუფლება ურჩევნიათ ამჟამინდელს
გამოკითხულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ 20-ზე მეტი მახასიათებლის ჩამონათვალიდან აერჩიათ ხუთი, ორივე ხელისუფლების აღსაწერად. საბჭოთა მთავრობას მისადაგებული პირველი ოთხი მახასიათებელი მხოლოდ დადებითი იყო, ამჟამინდელი ხელისუფლების კი უარყოფითი.
საბჭოთა მთავრობა იყო "ხალხთან ახლოს" (გამოკითხულთა 29 პროცენტი), "ძლიერი" (25 პროცენტი), "სამართლიანი" (22 პროცენტი) და "კანონიერი" (20 პროცენტი).
გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა, 41-მა პროცენტმა, განაცხადა, რომ ამჟამინდელი მთავრობა "დანაშაულებრივი და კორუმპირებულია". შემდეგი სამი მახასიათებელი, რომლებიც გამოკითხულებმა აირჩიეს, იყო "ხალხისგან დაშორებული" (31 პროცენტი), "ბიუროკრატიული" (24 პროცენტი) და "ახლომხედველი" (19 პროცენტი).
ამჟამინდელ მთავრობას კატეგორია "კანონიერი" გამოკითხულთა მხოლოდ 15-მა პროცენტმა მიუსადაგა.