24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.
კონსტიიტუციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საზეიმო მიღება და გამოიფინება ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები:1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტომასალა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ -მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები.
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობა ჯერ კიდევ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს უნდა დაწყებულიყო. შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო საკონოსტიტუციო კომისია, მაგრამ მას მუშაობის დაწყებაც კი არ დასცალდა. კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორის, ავთანდილ დემეტრაშვილის, თქმით, საქართველო აღმოჩნდა ერთგვარ საკონსტიტუციო ვაკუუმში, რადგანაც ხელისუფლების შესახებ კანონი ვერ სწევდა კონსტიტუციის მაგივრობას.
„შესაბამისად, 1993 წელს შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რათა ქვეყანა გამხდარიყო ცივილიზებული და მიმზიდველი მსოფლიოს დანარჩენი სახელმწიფოებისათვის. წარმოუდგენელია სახელმწიფო შედგეს მისი ძირითადი კანონის, კონსტიტუციის გარეშე“, - უთხრა ავთანდილ დემეტრაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ავთანდილ დემეტრაშვილი - მაშინდელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი - ამბობს, რომ კომისიის ორწლიანი მუშაობა დაგვირგვინდა 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღებით. აღსანიშნავია ის, რომ მაშინდელი პარლამენტი გამორჩეულად პლურალისტური იყო: საკანონმდებლო ორგანო შედგებოდა 14 პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებისა და დამოუკიდებელი დეპუტატებისგან:
„კონსტიტუციის შემუშავება და მიღება მოხდა მსოფლიოში აპრობირებული, ლეგიტიმურ-კანონიერი გზით: შეიქმნა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც შეიმუშავა და მის მიერ, ანუ კომისიის მიერ, წარდგენილი მიიღო ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა. ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ მიღებული კონსტიტუცია იყო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული პოსტსაბჭოთა სივრცეში“.