ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობაზე მეორე წრეში გავიდნენ
მსოფლიოს რეიტინგში მე-18 ადგილზე მყოფი ბასილაშვილი პირველ წრეში უხერხულ მეტოქეს - უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65-ე ჩოგანი) შეხვდა და ხუთსეტიან ბრძოლაში დაამარცხა - 3:6 6:4 6:2 3:6 6:3.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 394-ე ადგილზე მყოფი ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იქნება, რომელმაც კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, ძირითად ბადეში გამოსვლა ჩეხი ტომაშ ბერდიხის ძლევით გახსნა.
21 წლის მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე მსოფლიოს რეიტინგში 202-ე ადგილს იკავებდა. საქმეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება და ძირითადი ბადის საგზურის მოსაპოვებლად სამი მეტოქე დაამარცხა: ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101-ე ჩოგანი) 6:4 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6 6:2 7:5 და ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4 2:6 6:4.
დღეს, პრესტიჟული ტურნირის პირველ ტურში მარიამი ამერიკელ ბერნარდა პერას (65) დაუპირისპირდა და თითქმის ორსაათნახევრიან შეხვედრაში აჯობა - 6:3 5:7 6:4. ამ გამარჯვებით მარიამმა 50 სარეიტინგო ქულა და 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა. მსოფლიოს რეიტინგში კი 170-ე ადგილამდე დაწინაურება გაინაღდა.
მეორე წრეში მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს მესამე ჩოგანს, ჩეხ კაროლინა პლიშკოვას ეთამაშება.