ჟურნალისტი ნათია აბრამია, ირაკლი იმნაიშვილის მეუღლე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს
ნათია აბრამიას ეს სამსახური ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ირაკლი იმნაიშვილი 26 აგვისტოს დასახელდა სავარაუდო კანდიდატად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორისა და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე.
ორშაბათს, ირაკლი იმნაიშვილის საზოგადოებისთვის წარდგენისას, „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ის იმედოვნებს, რომ ირაკლი იმნაიშვილი მალე გახდება „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრი.
ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი 2006 წელს მეუღლესთან, ჟურნალისტ ნათია აბრამიასთან ერთად, საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა და ისინი ამ დრომდე ლონდონში ცხოვრობენ. ორივე მათგანი ბოლო დრომდე BBC-ის თანამშრომელი იყო.
ირაკლი იმნაიშვილი საქართველოდან წასვლამდე მუშაობდა ტელეკომპანია „მზის“ ტოკშოუ წამყვანად, მის linkedin-ის პროფილზე ახლაც მითითებულია, რომ ის არის „BBC“-ს პროდიუსერი.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ირაკლი იმნაიშვილი გარკვეული პერიოდის მანძილზე კონსულტაციას უწევდა ტელეკომპანია „იმედის" მენეჯმენტსა და სარედაქციო გუნდს. ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა ნათია აბრამიაც.
პრეზიდენტის კონსულტანტი 2012 წელს ასევე იყო ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაფინანსებული ინტერნეტტელევიზია “mzera.tv”-ის ლონდონის ბიუროს ხელმძღვანელი.