საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტავს ფოთის პორტში ამერიკული გემის ვერშესვლის მიზეზებს
როგორც სააგენტო სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავს, ფოთის ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომზე 16 სექტემბერს, დილის საათებში დაგეგმილი იყო ამერიკული სამხედრო გემის, “USNS Yuma T-EPF-8” დაყენება. თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური პრობლემების გამო, რაც ფოთის პორტში მყოფი გემების საკონტეინერო ოპერაციების დამთავრება-გაშლის შეყოვნებამ გამოიწვია, შეფერხდა ამერიკული გემის შესვლა.
ფოთის პორტისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სააგენტო აცხადებს, რომ პორტს გარეთ მიმდინარე სატვირთო ოპერაციებით გამოწვეული ტექნიკური შეფერხების გამო, სატვირთო გემი დაგეგმილ დროში ვერ დატვირთეს, რაც სააგენტოს შეფასებით, ნორმალურია.
სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკულ გემს, რომლის შემოსვლის მიზანი კომერციული ხასიათის იყო, დროულად ეცნობა შექმნილი გარემოების დეტალები და გააფრთხილეს, რომ ნავსადგურში შესვლის დრო გადაიწევდა.
„აღსანიშნავია, რომ ყველა შესაბამისი ნებართვა სახელმწიფო უწყებებისგან რამდენიმე დღით ადრე იყო გაცემული. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყებასთან იყო შეთანხმებული ეს ვიზიტი. უბრალოდ მოხდა ტექნიკური შეფერხება“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მისი ინფორმაციით, პორტში გემის შესვლას კომერციული ხასიათი ჰქონდა და ამიტომ არ იყო გათვალისწინებული ოფიციალური დახვედრა, შესაბამისად, არავინ იყო მასპინძელი.
ამ საკითხს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი 18 სექტემბერს გამოეხმაურა.
„გემის არშეშვება არ ყოფილა. ამერიკული გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო კომერციული გემის მიერ. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და თავისი გრაფიკით გააგრძელა გზა” – ნათქვამია ელიზაბეტ რუდის განცხადებაში, რომელიც მედიას საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოაწოდა.
მედიაში მანამდე გავრცელებული ცნობებით, ფოთის პორტში შესვლის საშუალება არ მიეცა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდს “USNS Yuma T-EPF-8”. სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, ხომალდი შავ ზღვაში მიმდინარე თვეში შემოვიდა და ის ფოთის პორტს უნდა მიეღო, თუმცა ხომალდი უკან გაბრუნდა.
ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, სწრაფმავალი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის შავ ზღვაში შესვლის თაობაზე ცნობა თავდაპირველად გაავრცელა Bosphorus Observer-მა, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებას ადევნებს თვალს. რუსეთის მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის მართვის ცენტრის ცნობას, რომ ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა 14 სექტემბერს, საღამოს, და მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები აედევნენ.
ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, USNS Yuma განეკუთვნება Spearhead-ის ტიპის მრავალფუნქციურ ხომალდს, წელს ის მესამედ შევიდა შავი ზღვის აკვატორიაში, შესვლის მიზნები უცნობია.