ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების საწინააღმდეგო აქციებზე 27 ადამიანი დააკავეს
"კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება" , - აცხადებს შსს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს თბილისში, ხოლო 3 - ბათუმში. ფილმის ჩვენებისას აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება:
ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე - დაკავებულია ერთი ბრალდებული; დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე; პოლიციელებზე თავდასხმისა და ორი პოლიციელის დაშავების ფაქტზე; შსს-ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.
ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუ ქარის მიუხედავად, გეი თემატიკის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" 8 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება შედგა.
ლევან აკინის ფილმის ჩვენება საქართველოში გაიმართება 9 და 10 ნოემბერსაც და შსს აცხადებს, რომ მომდევნო დღეებშიც დაიცავს წესრიგს.