ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი "ენერგოტრანსის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა
ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება ზარდიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ საჯარო პირი აღარაა და ჟურნალისტებთან საუბრის ვალდებულება არ აქვს:
„არ გაქვს უფლება დამირეკო. როგორც კერძო საკუთრებაზეა, რომ არ გაქვს უფლება შეხვიდე, ასევე, პირადი სივრცის დარღვევაა“.
„ენერგოტრანსი“ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაახლოებით 290 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზებს ფლობს.
„ენერგოტრანსის“ 100% წილის მფლობელია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“. სწორედ აქ დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას ზარდიაშვილის დანიშვნა.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია და მისი აქციების სრულ პაკეტს ფლობს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი - „საპარტნიორო ფონდი“. ამასთან, ორგანიზაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მართავს.
37 წლის ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი - რომელშიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა - მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს დატოვა.
პარლამენტის ვებსაიტის თანახმად, ვანო ზარდიაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სპეციალობით ის სამართალმცოდნეა. დეპუტატობამდე ის იყო:
სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე (2013 - 2016) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი (2013) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2012 - 2013) თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი (2010 - 2012) თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე (2007 - 2010) თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსი (2007) საქართველოს გენერალური პროკურორის მრჩეველი (2004 - 2006)