იმპიჩმენტის პროცესი: ახლა პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატების ჯერია
შაბათის სხდომაზე თეთრი სახლის იურისტმა, პეტ სიპოლონემ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს არ დასჭირდება სრული სამი დღე არგუმენტების წარმოსაჩენად და ასევე, წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა პროცესის მონაწილეებისთვის გაზიარებაც არ ისურვეს დემოკრატებმა.
სიპოლონემ აღნიშნა, რომ ტრამპის ბრალმდებლებს საერთოდ არ უფიქრიათ, თუ რა მოელის შეერთებულ შტატებს მათი სურვილის დაკმაყოფილებისა და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შემთხვევაში. მისი აზრით, ოპონენტების მიერ არჩეულ გზას შეუძლია გაანადგუროს ამერიკის ტრადიციული ფუნდამენტური ფასეულობები.
მსგავს მოსაზრებას, თავის მხრივ, გამოთქვამდნენ დემოკრატებიც. ისინი თავიანთ გამოსვლებში ამბობდნენ, რომ ამერიკის დემოკრატიის ფუნდამენტურ ფასეულობებს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის დატოვება გამოიწვევს.
შეერთებული შტატების პრესაში გამოკვეთილი პროგნოზის თანახმად, პრეზიდენტ ტრამპს სენატში გაამართლებენ. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმათა მინიმუმ 2/3-ია საჭირო. არცერთი რესპუბლიკელი არ გამოსულა დემოკრატების ინიციატივის მხარდასაჭერად. რესპუბლიკურ პარტიას სენატში ხმათა უმრავლესობა აქვს (100-დან 53 ხმა).
შაბათის სხდომა 3 საათს გაგრძელდა. პროცესი ორშაბათს განახლდება.
დემოკრატები დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ უფლებამოსილების პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაში. დემოკრატების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოითხოვდა სავარაუდო კორუფციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ და ამას უკავშირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას.
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან 2019 წლის დასაწყისამდე იყო უკრაინაში გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი.