ზალკალიანი: საქართველოს ძალისხმევა სრულად არის მიმართული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისკენ
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული სატრანზიტო მარშრუტების და დერეფნების განვითარების პროცესში და ისეთ პროექტებში, როგორებიცაა შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფანი, „ლაპის ლაზული“, სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ მნიშვნელოვნად შეამცირა ევროპიდან ჩინეთამდე ტვირთის გადაზიდვის დრო.
გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასებას, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს (5,2%), რაც აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს და რაც აჩვენებს ქართული ეკონომიკის მედეგობას. ზალკალიანის თქმით, 2020 წელს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყანაში არსებულ გარემოს აფასებს, როგორც რეფორმების გაგრძელების კარგ შესაძლებლობას.
მინისტრის აზრით, გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობის წინაშე ეფექტიანი ქმედებისთვის, შავი ზღვის რეგიონი საჭიროებს ყოვლისმომცველ მიდგომას და ნატოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.