ავღანეთში გასულ წელს 3,4 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა
ამის შესახებ ნათქვამია ავღანეთში მოქმედი გაეროს მისიის (UNAMA) 22 თებერვლის ანგარიშში, რომლის თანახმად, ზედიზედ მეექვსე წელია, რაც ომში ჩაფლულ ავღანეთში 10 ათასს ქვემოთ არ ჩამოდის დაღუპული და დაშავებული სამოქალაქო პირების რაოდენობა.
მაგრამ ამ რიცხვმა, 2018 წელთან შედარებით, შარშან 5%-ით იკლო.
„თითქმის არ დარჩენილა ავღანეთში მოქალაქე, რომელსაც პირადად არ შეეხო მიმდინარე ძალადობა“, - ნათქვამია ავღანეთში მოქმედი გაეროს მისიის (UNAMA) ხელმძღვანელის, ტადიჩი იამამოტოს, კომენტარში. მისია მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, გამოიყენონ შანსი და შეწყვიტონ ძალადობა.
22 თებერვლიდან მთელი ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს „ძალადობის ნაწილობრივი შემცირების“ ერთკვირიანი შეთანხმება, რასაც აშშ-მა და თალიბებმა მიაღწიეს მოლაპარაკებების დროს. ერთკვირიანი პაუზა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რათა აშშ-მა და თალიბებმა მიაღწიონ შეთანხმებას ქვეყნიდან ამერიკული ქვედანაყოფის ნაწილის გაყვანის დაწყების თაობაზე.