პუტინის თქმით, რუსეთი „მინიმალური დანაკარგით“ გამოდის ეპიდემიური ვითარებიდან, განსხვავებით აშშ-ისგან
თავისი მოსაზრება რუსეთის ლიდერმა გამოთქვა ტელეარხ „როსსიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან გამართული პირველი ვრცელი საუბარია კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ - პირველზე. ამასთან, აშშ მოსახლეობით სულ მცირე ორჯერ აღემატება რუსეთს.
პუტინის თანახმად, რუსეთში მინისტრები და რეგიონების მეთაურები „ერთ გუნდად შეკრული“ მუშაობენ, ხოლო აშშ-ში საქმე სხვაგვარადაა: პრეზიდენტი ერთს ამბობს, გუბერნატორები კი სხვას.
რუსეთის ლიდერის ამ განცხადების ფონია ეპიდემიის თაობაზე რუსეთის ოპერატიული შტაბის ახალი მონაცემები. განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. COVID-19-ის დაავადებული 119 პაციენტი გარდაიცვალა.
შაბათის სტატისტიკასთან შედარებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსეთში უმნიშვნელოდ არის გაზრდილი.
ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა ასევე აშშ-ში პოლიციის მხრიდან ძალმომრეობისა და რასიზმის წინააღმდეგ დაწყებულ გამოსვლებს, რაც, კრემლის ლიდერის აზრით, „ღრმა შიდა კრიზისზე“ მეტყველებს. რაც შეეხება აშშ-ში პროტესტებს და არეულობებს, ამის მიზეზად პუტინი მიიჩნევს პოლიტიკურ ბრძოლას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.