"დარეკვას ვერ ქაჩავ? მომწერე პასუხი და არ მომწერის"- დეპუტატი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში კრიტიკაზე
ვახუშტი მენაბდემ 10 ოქტომბერს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე, ტროტუარზე პარლამენტის საშვის მქონე მანქანა იყო გაჩერებული. აღმოჩნდა, რომ მანქანა დეპუტატ ბექა ოდიშარიას ეკუთვნის.
„ყველა თანასწორია მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი. ეს საქართველოს პარლამენტის საშვია. ავტომობილმა რომელზეც ისაა გაცემული მელიქიშვილის ბოლოში ტროტუარზე მოიკალათა. იქვე მეორე ავტომობილია ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი.
ამის გამო საჯარო სამსახურიდან უნდა ათავისუფლებდნენ”, - დაწერა იურისტმა.
ბექა ოდიშარიამ ვახუშტი მენაბდის პოსტის პასუხად თქვა, რომ მანქანა მის საარჩევნო შტაბთან ახლოს, მელიქიშვილზე მის მძღოლს ჰყავდა გაჩერებული და "გამოსწორდებოდნენ". ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ხშირად დებს სოციალურ ქსელში ტროტუარზე გაჩერებული მანქანების ფოტოებს, რომლებიც ქვეითებს, ეტლიანებს, ბავშვებსა და მოხუცებს გადაადგილებაში ხელს უშლის და როცა ბექა ოდიშარიას ავტომობილის ფოტო გამოაქვეყნა, არ იცოდა, ვის ეკუთვნოდა, დაინახა მხოლოდ პარლამენტის საშვი, რომელიც ავტომობილს ჰქონდა.
ვახუშტი მენაბდე არ ელოდება, რომ დეპუტატი დაურეკავს, როგორც ამას დაჰპირდა, თუმცა ამბობს, რომ მისი მხრიდან კრიტიკაზე ამ ფორმით რეაგირების გამო გაბრაზებულია.