ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს, როგორ მოხვდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები მატჩზე
"საშვების რაოდენობა შეთანხმებული იყო UEFA-სთან, აქედან სამი საშვი გადაეცა კახი კალაძეს... [კალაძეს ნებისმიერი ადამიანის მიყვანა შეეძლო]", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა კალაძისა და კობახიძის მატჩზე დასწრებაზე საუბრისას.
გუშინ, 13 ნოემბერს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა. მაშინ, როცა რიგითი მოქალაქეები თამაშს ვერ ესწრებოდნენ, მატჩს თვალს ადევნებდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე, პარლამენტის წევრი და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ამავდროულად, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი.
მხარდამჭერები მატჩს თვალყურს სტადიონთან დაყენებულ ეკრანზე ადევნებდნენ. მათი ნაწილი პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა.