საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა
ქართველი კალათბურთელების ანგარიშზე ოთხ თამაშში მოპოვებული ოთხი გამარჯვებაა, რაც დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის ვადაზე ადრე მოსაპოვებლადაც საკმარისი იქნებოდა, თუმცა საქართველოს ნაკრებს ამ მხრივ სანერვიულო შესარჩევი ციკლის დაწყებამდეც არ ჰქონდა. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები თბილისში უნდა გაიმართოს. მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს კი ფინალურ ეტაპზე თამაში წინასწარვე აქვს განაღდებული.
შვეიცარიასთან შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო თად მაკფადენი, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაა.
ქართველ კალათბურთელებს ჯგუფში დარჩათ ორი საშინაო შეხვედრა - სერბეთთან და ფინეთთან. თამაშები 2021 წლის თებერვალში გაიმართება.