International IDEA-ს თანახმად, პანდემიის პირობებში დემოკრატიის რეგრესი შეინიშნება
„მაშინ, როცა მსოფლიოში ჯანმრთელობის სფეროს უპრეცედენტო კრიზისის პირობებში პანდემიასთან დაკავშირებული ზომების უმეტესობა გამართლებულია, დემოკრატიული ქვეყნების 43%-მა შემოიღო აკრძალვები, რომლებიც იყო უკანონო, არაპროპორციული, უვადო ან არ იყო აუცილებელი. თუკი არადემოკრატიულ ქვეყნებს განვიხილავთ, ეს მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით 61%-ს აღწევს“. ვკითხულობთ International IDEA-ს ანგარიშში.
ორგანიზაციის თანახმად, ზოგმა მთავრობამ COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა, ზოგმა არადემოკრატიულმა რეჟიმმა საერთოდ დამალა ეპიდემიის ფაქტი. დოკუმენტში ყურადღება ექცევა იმ გარემოებას, რომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების თაობაზე პოლიტიკური კონსენსუსის დეფიციტის გამო ხშირად ჩნდებოდა არეულობა და უნდობლობა დემოკრატიული პროცესების მიმართ.
„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მედიის თავისუფლება პანდემიის დროს. გამოხატვის თავისუფლება შემცირდა 2014 წლის შემდეგ და, პირველად 1975 წლის შემდეგ, ვითარება უფრო მეტ ქვეყანაში უარესდება, ვიდრე უმჯობესდება. ეს დაღმასვლა პანდემიის დროს გაძლიერდა“, აღნიშნავს International IDEA.
იმ ქვეყნებს შორის, სადაც განსაკუთრებით გაუარესდა ვითარება, არიან სერბეთი და მონტენეგრო. ერთგან მთავრობამ პანდემიის საბაბით გადაწია არჩევნები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მეორეგან კი უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომლებიც საყოველთაო უკმაყოფილებას იწვევდა.
დოკუმენტი შეიცავს ასევე დადებით მაგალითებს, როცა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა დემოკრატიული პრინციპების დაცვით მიმდინარეობდა. ასეთ ქვეყნებს შორის არიან ისლანდია, ახალი ზელანდია, სამხრეთი კორეა, ტაივანი და ურუგვაი.
ანგარიშში საქართველო არ არის განხილული.