არჩილ თალაკვაძე ამნისტიის კანონპროექტზე: ეს არ არის ჟესტი ოპოზიციისთვის
„სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით რომ გამოვრიცხოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კანონპროექტი არ არის ინიცირებული იმისთვის, რომ ამით ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს საპარლამენტო უმრავლესობამ. მოგეხსენებათ, რომ მაღალი პროფილის საქმეები ვერ იქნება და არ იქნება პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი, ეს არის მართლმსაჯულების საკითხი ცალსახად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ კანონი ადამიანებს პოლიტიკოსებად და არაპოლიტიკოსებად ვერ დაყოფს.
ამნისტიის კანონი, რომლითაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულისგან პატიმრების გათავისუფლებაა გათვალისწინებული, "ნაკლებად არის მოსალოდნელი", რომ "მთავარი არხის" მეწილეზე, გიორგი რურუაზეც გავრცელდეს. ამის შესახებ მედიას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. სწორედ იგია ავტორი ამნისტიის შესახებ კანონპროექტისა, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და სისხლის სამართლის კოდექსის 45-ზე მეტ მუხლს შეეხება.