ბრიტანეთის თემთა პალატამ მხარი დაუჭირა ევროკავშირთან Brexit-ის შემდგომი ურთიერთობის შეთანხმებას
ბრიტანეთი 31 დეკემბერს ევროკავშირს ოფიციალურად ტოვებს ფაქტობრივიდაც.
ევროკავშირის ხელმძღვანელობამ - ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, 30 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის სახელით ოფიციალურად მოაწერეს ხელი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ მათ ურთიერთობას განსაზღვრავს.
30 დეკემბერს ბრიუსელში ხელმოწერილი დოკუმენტები ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ჩაიტანა ლონდონში, რათა მათზე პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ხელმოწერის შემდეგ, ისინი პარლამენტს დაემტკიცებინა.
ევროკავშირმა და ბრიტანეთმა პირობები საბოლოოდ შეათანხმეს რამდენიმე დღის წინ, თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად.
სამი დოკუმენტიდან მთავარი ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაა. ის ნულოვან ტარიფებს და ნულოვან კვოტებს ითვალისწინებს. ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე მხარეებს მოუწევდათ ყველა სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის პირობების შესაბამისად. ამას ბიზნესების დაკარგვა და უმუშევრობის გაზრდა მოჰყვებოდა.
ბრიტანეთი ოფიციალურად გავიდა ევროკავშირიდან წელს, 31 იანვარს, მაგრამ წლის ბოლომდე, გარდამავალ პერიოდში, მოქმედებდა ყველა ადრე დადებული შეთანხმება.
პირველი იანვრიდან ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ ფაქტობრივად და ძველ შეთანხმებებს ახალი შეცვლის.
ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი იყო 1973 წლიდან. 2016 წლის რეფერენდუმზე ბრიტანელებმა მხარი დაუჭირეს ბლოკიდან თავიანთი ქვეყნის გასვლას. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობდა. ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმებას მხარი დაუჭირა მხოლოდ ვადამდელი არჩევნების შემდეგ, რომელზეც გაიმარჯვეს კონსერვატორებმა ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით.