რუსეთმა ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების მიზეზია ბრიტანეთის მიერ ოქტომბერში „მიუღებელი და უსაფუძვლო შემზღუდავი ზომების დამტკიცება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ, ნავალნის ინციდენტთან მათი სავარაუდო კავშირის გამო“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთში მოგზაურობა აეკრძალებათ მათ, ვინ „მონაწილეობა მიიღო ანტირუსული სანქციების დაწესებაში“. კონკრეტულ გვარებს არ ასახელებენ.
უფრო ადრე რუსეთში შესვლა აეკრძალა გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის რამდენიმე მოქალაქეს. ამ ქვეყნების ლაბორატორიებმა დაადგინეს ალექსეი ნავალნის ანალიზებში მომწამვლელი ნივთიერების, „ნოვიჩოკის“ კვალი, რამაც მათ აფიქრებინა, რომ ნავალნი რუსეთში მოწამლეს. ამის შემდეგ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუს მოხელეებს. ბრიტანეთმა, რომელიც გამოეყო ევროკავშირს და სანქციების თავისი პოლიტიკა აქვს, აუკრძალა მოგზაურობა იმავე პირებს, რომელთა შორის არიან კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, სერგეი კირიენკო და ეფ-ეს-ბე-ს ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბორტნიკოვი.
რუსეთი უარყოფს, რომ ნავალნი მოწამლეს და დასავლეთის მხრიდან მოწამვლის მტკიცებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.