ხუნდაძეს ინიციატივა აქვს, ამნისტია ოჯახში "ემოციურ ნიადაგზე" დანაშაულის ჩამდენ პირებსაც შეეხოს
"არის ისეთი შემთხვევები, როცა ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები (რა თქმა უნდა, დამდგარ შედეგს გამართლება არ აქვს)... ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნებოდა ურიგო, რომ გაგვეთვალისწინებინა", - თქვა ხუნდაძემ.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მისმავე თანაპარტიელმა, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მსგავს დანაშაულებზე პარტიაში პრინციპული დამოკიდებულება აქვთ.
"[მას] უპირობოდ არ უთქვამს. თქვა, რომ თუ დაზარალებული თანახმა იქნება. მაგრამ ესეც არის ჩემთვის პრინციპულად "წითელი ხაზი" - ამ კატეგორიის დანაშაულს არ უნდა შეეხოს. მაგრამ აზრს და იდეის არსებობას აქვს უფლება", - თქვა ოხანაშვილმა.
პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტს განიხილავს, რომელიც სისხლის სამართლის 44 მუხლით ჩადენილ დანაშაულს ეხება. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქმეებს პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ და ისინი მიიღებენ პირის გათავისუფლების გადაწყვეტილებას.