ნიკა სვიმონიშვილი ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნაზე: უცხოელი ექსპერტების ჩართვას ვითხოვდით
"ოჯახთან შეთანხმებით ჩვენ შევთავაზეთ გამოძიებას საერთაშორისო ექსპერტები, საუბარი იყო ბრიტანელ და ამერიკელ სახელმწიფო ექსპერტებზე, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამ დასკვნის მომზადებაში, თუმცა შსს-მ ჩვენი შეთავაზებულ ექსპერტების ჩართვაზე უარი გვითხრა იმ მიზეზით, რომ მათთან თანამშრომლობის გამოცდილება არ ჰქონდათ და შემოგვთავაზეს საქმეში შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ირკვევა არც ერთი უცხოელი სპეციალისტი არ ჩართო და ასე არის დასკვნა დადებული. რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს მე ვერ შევაფასებ, მაგრამ თავად პროცესი, როგორც წარმართა შსს-მ, ბევრ კითხვას ბადებს" - ამბობს ნიკა სიმონიშვილი. ის იხსენებს, რომ ბოლო კომუნიკაცია საგამოძიებო უწყებებთან ამ საქმეზე ორგანიზაციას შემოდგომაზე ჰქონდა, თვითმმართველობის არჩევნების წინ და მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ექსპერტების ჯგუფი შემდგარი, ვინაიდან საუბარი სწორედ ექსპერტების მოწვევის თემას შეეხებოდა.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. ექსპერტიზის ბიუროს ამ დასკვნის მოსამზადებლად 5 თვეზე მეტი დასჭირდა.
ნიკა სიმონიშვილი იხსენებს ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვან გარემოებას, რის გამოც ოჯახის უფლებადამცველებს კითხვები აქვთ გამოძიებასთან: ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი დედის წინააღმდეგობის მიუხედავად ისე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში, რომ იქ მისი უფლებადამცველები ამ პროცესს არ ესწრებოდნენ, შესაბამისად, გვამი რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ გამომძიებლებისა მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
"გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით მოქალაქე ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 14 საათი, ჰეროინის ინექციიდან სიკვდილამდე გასული უნდა იყოს საშუალოდ 10 წუთი - 3 საათის შუალედი" - წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს 8 ადგილობრივი ექსპერტი აწერს.