კობახიძე სააკაშვილზე: რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი... ჭამოს და დამთავრდება პრობლემები
"შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას, კეთილი ინებოს, მიიღოს ცილა და დამთავრდება ამით ყველაფერი... [ცილას] ვერ იღებს, ან არ იღებს რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. არ აქვს ეს გამოცხადებული, შესაბამისად, ეს არ უნდა გამოვრიცხოთ... რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი, ამ დეტალებში მე ვერ შევალ. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს არ ჭამდე ხაჭოს? ამ დეტალებში შესვლა არ შემიძლია.
ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. პოლიტიკური განცხადება აქ ვერ გაკეთდება. მე მგონია, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. ეს ხუმრობით, მაგრამ სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს წინასწარ განზრახული გეგმა, შეიძლება ზუსტად იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ ეს დიაგნოზი დაგისვან", - თქვა კობახიძემ.
ექიმების სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.
მასალა განახლდება