"ქოლ-ცენტრების" საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს
პროკურატურის პრესსამსახური ამ საქმეზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სულ სისხლის სამართლებრივი დევნა შვიდი ფიზიკური პირისა და ორი იურიდიული პირისი მიმართ დაიწყო - განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები, რა კავშირი აქვთ იმ ორ კომპანიასთან და რომლის წინააღმდეგაც საქმისწარმოება მიმდინარეობს - ამ კითხვებზე პასუხს რადიო თავისუფლება უწყების პრესსამსახურისგან ელოდება.
"დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით სოლიდური მოგების მიღებას შეძლებდნენ. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე", - ასე აღწერს პროკურატურა დანაშაულებრივ სქემას.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით პასუხისგება თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის დგება:
ფიზიკური პირები 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯებიან;
კომპანიის შემთხვევაში ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების შეჩერბა და ჯარიმაა გათვალისწინებული.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სულ სისხლისსამართლებრივი დევნა 24 ადამიანისა და ორი იურიდიული პირის მიმართ არის დაწყებული, მათგან საგამოძიებო ორგანო ერთი ადამიანის ექსტრადირებას ითხოვს.
"ქოლ-ცენტრების" საქმეში ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნის, დავით კეზერაშვილის ბრალეულობაზე საუბრობს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის.