შვეიცარიული გაზეთი „პუტინის ვაჟიშვილების“ შესახებ წერს
გამოცემა ამტკიცებს, რომ ბიჭები ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალინა კაბაევამ გააჩინა. დასავლეთის პრესა ხშირად წერდა, რომ ის პუტინთან დაახლოებული პირია. შვეიცარიული გაზეთი ეყრდნობა ნაცნობი ექიმის მონათხრობს, რომელიც ირწმუნება, რომ ორივე მშობიარობა მან მიიღო. ექიმის ვინაობას გაზეთმა მისივე თხოვნით არ გაამხილა.
ექიმი წარმოშობით რუსეთიდანაა. ახალგაზრდობაში ის პუტინს იცნობდა. წყაროს ინფორმაციით, შვეიცარიის ქალაქი ლუგანო ბავშვის დაბადების ადგილად (2015 წელს) იმისთვის შეარჩიეს, რომ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩენილიყო. ეს ბოლომდე ვერ მოხერხდა. ის, რომ კაბაევამ ბავშვი გააჩინა (ზოგიერთი წყაროს ცნობით, ტყუპები, რასაც SonntagsZeitung-ი უარყოფს) ბევრმა მედიასაშუალებამ დაწერა. მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ მამა პუტინი იყო. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მაშინ ეს ხმები უარყო.
4 წლის შემდეგ ალინა კაბაევამ კიდევ გააჩინა ბავშვი, ამჯერად მოსკოვში. წყაროს ინფორმაციით ეს „პრეზიდენტმა გადაწყვიტა“. ორივე ორსულობის დროს კაბაევა რამდენჯერმე იმყოფებოდა ლუგანოში, მაგრამ პუტინი მასთან ერთად არ იყო. გამოცემა Wall Street Journal-ი ახლახან წერდა, რომ კაბაევა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში, სახლში მაღალი გალავნებით და შვეულმფრენის დასაჯდომი მოედნით.
შვეიცარიულმა გამოცემებმა კაბაევას ან პუტინის წარმომადგენლებისგან კომენტარის მოპოვება ვერ შეძლეს.