სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ არ გეგმავს 20 ივნისის აქციაზე მისვლას
პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა ასევე მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც დღეს, 16 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო.
"მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე... სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა..." - თქვა ზურაბიშვილმა, რომელმაც ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რას ნიშნავს მისთვის, როცა პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ, ასე უპასუხა:
"ჩემთვის აქციის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ხალხის ჩამოყვანას და აქტივისტების თავმოყრას. ეს არის თავისუფალი ერის თავისუფალი გამოხატვა. ნელ-ნელა ვისწავლით ამას, დარწმუნებული ვარ..." - უპასუხა პრეზიდენტმა.
სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამიდან სამი წლის თავზე, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად აქციას მართავს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. საქართველოს პრეზიდენტმა კი საზოგადოებას 16 ივნისს თბილისში, ევროპის მოედანზე შეკრება, 14 ივნისს ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე შესთავაზა.
"დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი - ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა.