ფონ დერ ლაიენი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას: თქვენ ჩვენი ოჯახის წევრები ხართ
"ერთი გაკვეთილი, ამ ომიდან არის ის, რომ ჩვენ უნდა მოგვესმინა მათთვის ვინც პუტინს იცნობს ანა პოლიტკოვსკაიასთვის და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ძვირად დაუჯდათ, ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და ბელარუსის ოპოზიციისთვის. ჩვენ უნდა მოგვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით - პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდებოდა“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი სიტყვებით ევროკავშირი უნდა ესწრაფოდეს დემოკრატიის გავრცელებას და ამის საუკეთესო გზა კონტინენტზე კავშირების გაღრმავებაა. ეს კი იწყება მათით ვინც არ არის ევროკავშირის წევრი და ევროკავშირი უნდა იყოს მათთან ერთად ყოველდღიურად.
„ვინაიდან ძლიერ დემოკრატიამდე გზა და ჩვენს კავშირამდე გზა ეს ერთი და იგივეა, ამიტომ მსურს ხალხმა დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში იცოდეს, თქვენ ჩვენი ოჯახის წევრები ხართ, თქვენი მომავალი ჩვენს კავშირშია, უთქვენოდ ჩვენი კავშირი სრულყოფილი არ არის“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიევმა ევროკავშირის წევრობაზე 28 თებერვალს შეიტანა განაცხადი. საქართველომ და მოლდოვამ კი 3 მარტს.
23 ივნისს საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო ევროპული პერსპექტივა, ანუ დათქმა და იმის აღიარება, რომ მისი ადგილი ევროპულ ოჯახშია. თუმცა უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღია კანდიდატის სტატუსი.
ამისთვის საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ანუ: დაძლიოს პოლარიზაცია, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა, და გაანთავისუფლოს ის პოლიტიკური ზეგავლენისგან, დაიცვას უმცირესობების უფლებები, ებრძოლოს კორუფციას და ასე შემდეგ.